facebook
youtube
mail

სიახლეები

03.08.2017

ლობიოს ახალი ჯიშები დარეგისტრირდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტი) ლობიოს ახალი ჯიშები დაარეგისტრირა.

ჯიში „კუტი საპარკე“, ბრინჯა ლობიოს ჯიში „წილკანი“, მაშა ლობიოს ჯიშები „მოსავლიანი“ და „საპარკე“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.

რეგისტრირებულმა ახალმა ჯიშებმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.

ლობიოს ჯიში ,,კუტი საპარკე’’ - მცენარის სიმაღლე 45-55 სმ-ია, ივითარებს 16-20 სმ სიგრძის 6-8 მსხვილმარცვლიან პარკებს, 1000 მარცვლის მასა 431 გრამია, მარცვლის მოსავალი 1,2 ტ/ჰა-ზე, ხოლო მწვანე პარკის მოსავალი 17,3 ტ/ჰა-ზე შეადგენს. აღნიშნული ჯიში ერთჯერადი ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით არის მიღებული. გასავრცელებლად რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.

ბრინჯა ლობიოს ჯიში ,,წილკანი’’ - მცენარის სიმაღლე 2,5-3 მ-ია, ივითარებს 7-10 სმ სიგრძის 5-7 მარცვლიან პარკებს, 1000 ცალი თესლის მასა 70 გრამია, თესლის მოსავალი 2ტ/ჰა-ზე. ჯიში ბოტანიკის ინსტიტუტიდან მიღებული კოლექციიდან, მასობრივი გამორჩევის მეთოდით არის მიღებული. გასავრცელებლად რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში.

მაშა ლობიოს ჯიში ,,მოსავლიანი’’ - მცენარე 67 სმ სიმაღლისაა, ივითარებს 5-10 სმ სიგრძის 7-10 მარცვლიან მუქ მიხაკისფერ პარკებს, 1000 ცალი თესლის წონა შეადგენს 65 გრამს. ჯიში მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან მიღებული კოლექციიდან, ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით არის მიღებული. გასავრცელებლად რეკომენდებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში (გარდაბანი, ბოლნისი, მცხეთა, გორი, წყალტუბო, ქუთაისი, ზუგდიდი).

მაშა ლობიოს ჯიში ,,საპარკე’’ - მცენარე 70 სმ სიმაღლისაა, ივითარებს 6-8 სმ სიგრძის 10-12 მარცვლიან მუქი მწვანე ფერის პარკებს, 1000 ცალი თესლის წონა შეადგენს 60 გრამს. ჯიში მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან მიღებული კოლექციიდან, ინდივიდუალური გამორჩევის მეთოდით არის მიღებული. გასავრცელებლად რეკომენდებულია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში.