სიახლეები
31.05.2021
პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ დასრულდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ დასრულდა. პროექტის მიზანი იყო საქართველოს ტყის გენეტიკური რესურების კვლევა, იშვიათი მერქნიანი მცენარეების ინვენტარიზაცია, პოპულაციების აღწერა, სათესლე უბნების დაფიქსირება, ზოგიერთი სახეობის ტაქსონომიური იდენტიფიცირებისთვის მორფომეტრიული, მოლეკულურ-გენეტიკური კვლევების ჩატარება და კონსერვაციის მიზნით თესლთა ბანკის შექმნა. ექსპედიციების ფარგლებში მკვლევარებმა იმერული მუხის (Quercus imeretina Steven ex Woronow) 12 ლოკაცია, წვრიფოთოლა ცაცხვის (Tilia cordata Mill.) - 10, შიშველი თელის (Ulmus glabra Huds.) - 31, ქართული ნეკერჩხლის (Acer ibericum M.Bieb.) - 6 და ქართული ნუშის (Amygdalus georgica Desf.) 5 ლოკაცია შეისწავლეს ბუნებრივ არეალში. თითოული სახეობის ფარგლებში აღებულ სანიმუშო ფართობებზე მოხდა დეტალური აღწერა ადგილმდებარეობის, სამიზნე სახეობის კოდის, ტყის კატეგორიის, გეოგრაფიული კოორდინატების, დახრილობის, ზღვის დონიდან მდებარეობის, ნიადაგის ტიპის, სათესლე უბნის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით.პროექტის ფარგლებში მოხდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეების კონსერვაცია, გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, მაღალი ნაყოფმსხმოიარობით გამორჩეული უბნების გამოყოფა მუდმივ და დროებით სათესლე ნაკვეთებად. შეიქმა თესლთა ბანკის აქტიური კოლექცია (1-3 წელი) და საბაზისო კოლექცია (4-10 წელი). ასვე მოლეკულურ-გენეტიკურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum M.Bieb.) სახეობაა და არა ქვესახეობა (Acer monspessulanum subsp. ibericum (M.Bieb. ex Willd.) Yalt.), როგორც აქამდე იყო მიჩნეული.
აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის 3 წლიანი პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.