facebook
youtube
mail

სიახლეები

18.07.2025

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ცაგერში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრა სოფელ წიფერჩში, ერთ-ერთი ადგილობრივი ფერმერის ნაკვეთზე გაიმართა, სადაც ამჟამად ცენტრის მიერ გადაცემული სათესლე მასალით ხორბლის ადგილობრივი ენდემური სახეობები და ტრადიციული ჯიშები მოჰყავთ.

„ტრადიციული ჯიშების დაბრუნება წარმოშობის რეგიონებში მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გზაზე. ჩვენი მიზანია, მოძიებულმა და აღდგენილმა გენეტიკურმა რესურსებმა ფერმერთა ხელში გააგრძელოს სიცოცხლე და მოხდეს მათი გამოყენება, გამრავლება და შენარჩუნება.“ - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

სადემონსტრაციო ნაკვეთზე განთავსებულია 88 ნიმუშისგან შემდგარი კოლექცია, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ცენტრის მიერ საქართველოში მოძიებული 24 ადგილობრივი, ისე გერმანიის გატერსლებენის გენბანკიდან დაბრუნებული 64 გენეტიკური ნიმუში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამედროვე მიდგომით ტრადიციული გენეტიკური რესურსების დაცვა მხოლოდ თესლის ბანკში შენახვით არ შემოიფარგლება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ შენარჩუნებას იმ რეგიონებში, სადაც ეს უძველესი სახეობები და ჯიშები ჩამოყალიბდა. სწორედ on-farm კონსერვაცია განიხილება ერთ-ერთი მნიშვნელოვან გზად კლიმატის ცვლილებების ფონზე სელექციური და პირველადი მეთესლეობის პროცესების წარმართვის, ფერმერთა სარგებლის გაზრდის, ასევე მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლების კუთხით.

„წარმოდგენილი ხორბლის სახეობები და ჯიშები თითქმის გაქრა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან. მათი გენეტიკური მასალა წლების განმავლობაში ინახებოდა უცხოურ გენბანკებში. დღეს ისინი დაუბრუნდნენ იმ მიწას, სადაც ოდესღაც გაჩნდა და გავრცელდა. ამას კი სჭირდება არა მხოლოდ კვლევა, არამედ ადამიანური ძალისხმევა და ადგილობრივი ფერმერების მოვლა-მოყვანის პროცესებში ჩართულობა“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის უფროსმა და პროექტის მენეჯერმა თამარ ჯინჯიხაძემ.

ღონისძიების ერთ-ერთ გამორჩეულ ნაწილს პურის დეგუსტაცია წარმოადგენდა — დამზადებული იმ უძველესი ხორბლებისგან, რომელიც წარსულში, რაჭა-ლეჩხუმის მინდვრებში მოჰყავდათ და ახლა, ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, ადგილობრივ ფერმერებს დაუბრუნდათ.

ტრადიციული ჯიშების დაბრუნება FAO-ს პროექტის „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში — in situ და ex situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება“ ფარგლებში მიმდინარეობს.