facebook
youtube
mail

სიახლეები

19.07.2015

სასწავლო სემინარი ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ

  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მრჩეველმა ლიუ ბომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და ჩინური მხარის, შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ ორგანიზებული სასწავლო სემინარი საზეიმო ვითარებაში გახსნეს. 12 დღიანი სემინარი ბაზალეთის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს და მისი მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა და სწავლება.
აღნიშნული სასწავლო კურსი, კვლევითი ცენტრისა და შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საწარმოო პოტენციალის ზრდას. პროგრამა მარნეულის მუნიციპალიტეტიში სასათბურე მეურნეობების გაშენებასთან ერთად, კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებისა და ადგილობრივი ფერმერების გადამზადებასაც ითვალისწინებს.
შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფი დაარსდა 1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში. მისი  საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები სოფლის მეურნეობის სექტორში, კონსულტაცია და ტრენინგები თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, რითაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ამ დარგით - მებოსტნეობით დაინტერესებულ პირთა ცოდნის გაღრმავებას.
სასწავლო კურსის ბოლოს გამოვლინდება 5 წარმატებული მსმენელი, რომელიც საქართველოში ჩინეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მრჩევვლის ლიუ ბოს ინიციატივითა და მხარდაჭერით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩინეთში გაემგზავრება.