facebook
youtube
mail

სიახლეები

26.07.2015

სასწავლო სემინარი „ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ“ დასრულდა

 
დასრულდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და ჩინური მხარის, შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ ორგანიზებული 12 დღიანი სასწავლო სემინარი რომელიც ბაზალეთის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობდა და მიზანად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებისთვის ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას.

აღნიშნული სასწავლო კურსი, კვლევითი ცენტრისა და შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე პროექტი მიზანად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საწარმოო პოტენციალის ზრდას. პროგრამა მარნეულის მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობების გაშენებასთან ერთად ადგილობრივი ფერმერების გადამზადებასაც ითვალისწინებს.

ჩინური მხარის ინიციატივით გამოვლინდა 5 წარმატებული მსმენელი, რომელიც საქართველოში ჩინეთის საელჩოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მრჩევლის ლიუ ბოს ინიციატივით და მხარდაჭერით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩინეთში გაემგზავრება.

შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფი დაარსდა 1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები სოფლის მეურნეობის სექტორში, კონსულტაცია და ტრენინგები თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, რითაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ამ დარგით - მებოსტნეობით დაინტერესებულ პირთა ცოდნის გაღრმავებას.