facebook
youtube
mail

სიახლეები

23.03.2018

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი და ესპანეთის ეროვნული ცენტრები (INIA) მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INIA) წარმომადგნელებს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ანალიზი და გამოვავლინოთ ის მიმართულებები, სადაც შევძლებთ თანამშრომლობას, გავაუმჯობესებთ ხარისხს და აგრარულ სექტორში გავზრდით მოგებას“, - აღნიშნა INIA-ის დირექტორმა, მანუელ ლაინეზმა.

შეხვედრაზე, როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი, ასევე INIA-ის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა ძირითადი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს მეცხოველეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი გააცნო.

ესპანური მხარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და INIA-ის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადებას, სასწავლო პროგრამების ორგანიზებას, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.

„მემორანდუმის ფარგლებში მოხდება ახალგაზრდა სპეციალისტების ესპანეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სასწავლებლად მივლინება, სანაშენე საქმიანობის განვითარება, ხელოვნური განაყოფიერების თანამედროვე მიდგომების დანერგვა, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაფართოება, ასევე, გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნებისთვის ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პროექტები განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას“, -აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის და ჯიღაურას ბაზები დაათვალიერეს.