სიახლეები
04.05.2018
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს “ტრენერთა ტრენინგი“ ჩაუტარდათ

ტრენინგი მიზნად ისახავდა მსმენელთათვის მეკარტოფილეობის დარგში ჯანსაღი სათესლე მასალის მიღების, ეპიდემიათა წარმოშობის, განვითარებისა და მასთან ბრძოლის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კომპიუტერულ პროგრამას „სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების იმიტატორი (APSIM)”, როგორც ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და სრულყოფილი მოსავლიანობის სისტემის მოდელს, პრაქტიკაში მისი გამოყენების წესებსა და მუშაობის პრინციპებს. APSIM პროგრამას გააჩნია სხვადასხვა მოდულები, რომელიც სისტემათა სიმულაციის საშუალებას იძლევა ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: მემცენარეობა, მეცხოველეობა, ნიადაგმცოდნეობა და სხვა. პროგრამის გარემოსდაცვით მოდულს გააჩნია ისეთი ცვლილებების დაფიქსირების შესაძლებლობა, როგორებიცაა: კლიმატისა და ამინდის, ნიადაგის მახასიათებლების (წყლის ბალანსი, საკვები ელემენტები, ტემპერატურა), წარმოების ნარჩენებისა და ეროზიის ცვლილება. მენეჯმენტის მოდულის გამოყენებით, შესაძლებელია სხვადასხვა კულტურების დათესვასთან, თესვის ინტენსივობასთან, მოსავლის აღებასთან, ხვნასთან, ნიადაგის დამუშავებასთან, სასუქების გამოყენებასთან და საძოვრების მენეჯმენტთან დაკავშირებული ცვლილებების განსაზღვრა.
კვლევითი ცენტრისა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კვალიფიციური ექსპერტების მიერ ცენტრის 20 მეცნიერ-თანამშრომელი გადამზადდა.