facebook
youtube
mail

სიახლეები

08.05.2018

პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელდა.

სამწლიანი პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლების მიერ, ტყის იშვიათი სახეობების ინვენტარიზაცია განხორციელდა; ასევე, აღნიშნული სახეობების გავრცელების ამსახველი რუკები და ვებგვერდი (www.forestgenresources.ge) ქართულ და ინგლისურ ენებზე მომზადდა.

პროექტის შედეგების პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სატყეო ინსტიტუტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები დაესწრნენ.

პროექტის „კოლხეთის ტყის გენეტიკური რესურსების შესწავლა და დაცვა“ ფარგლებში, მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყის უბნების აღწერა და ტყის იშვიათი სახეობების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა პირველად აჭარის რეგიონში განხორციელდა. კვლევის პროცესში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიხედვით შედგენილი წითელი ნუსხის კორექტირებისთვის მომზადდა რეკომენდაციები. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებისთვის მეტყევეობის საზაფხულო სკოლაც მოეწყო, სადაც თეორიულ სწავლებასთან ერთად, 20-მდე სტუდენტმა ბეთანიის ტყეში პრაქტიკული სწავლება გაიარა.