facebook
youtube
mail

სიახლეები

27.06.2018

სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგი „პოზიტიური სელექციის საფუძვლები“ ჩაუტარდათ. სასწავლო კურსი მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემების სიმულირების, პოზიტიური სელექციისა და თესლის დეგენერაციის ძირითად საფუძვლებისა და მოდელირების, კარტოფილის სათესლე მასალის სერტიფიცირების და ინ ვიტრო მიკლოკლონური გამრავლების საკითხებს.

„ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მეწარმეს შესაძლებლობა ეძლევა აიმაღლოს ცოდნა, გაეცნოს თანამედროვე ტექნოლოგიებს და, შედეგად, მეტი სარგებელი მიიღოს. ნებისმიერ სექტორში სრულფასოვანი განათლება გადამწყვეტ როლს თამაშობს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების არსებობა; კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი კი, მეკარტოფილეობის დარგში ლიდერია“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) ერთობლივი პროექტის მიზანი საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარება და ფერმერებისთვის დარგის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობაა. პროექტი ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან 2016 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობს. მხარეები მავნებელ დაავადებებისადმი გამძლე ჯიშების კარტოფილის სათესლე მასალის წარმოების და მოსავლიანობის გაზრდის ერთობლივი კვლევების პროექტზე მუშაობენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.