სიახლეები
23.07.2018
სამეგრელოში აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომა გაიმართა

შეხვედრაზე მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს თხილის კულტურაში შექმნილი ფიტოსანიტარული მდგომარეობა, მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ რეკომენდებული ბრძოლის ღონისძიებები, მექანიკური, ბიოლოგიური, ბიოტექნიკური ღონისძიებები და ახალი ბიოლოგიური ინსექტიციდების გამოცდის წინასწარი შედეგები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის საშუალებები და პირველადი მონაცემები მისი ადგილობრივი პარაზიტოიდის შესახებ საქართველოში გააცნეს.
„მთავრობის სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, თითქმის მინიმუმადეა დაყვანილი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, რათა კვლავ არ მოხდეს მისი გავრცელება. კარგია რომ ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ მავნებელთან ბრძოლაში, მინდა მოსახლეობას მეტი ჩართულობისკენ მოვუწოდო“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
შეხვედრას ანასეულის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ანასეულში ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერულ დონეზე აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შესწავლა მოხდება.