სიახლეები
29.08.2018
კახური ღორის პოპულაციის აღდგენისა და გამრავლების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

კახური ღორის აღდგენის პროექტი ესპანურ კომპანიასთან „დერაზა იბერიკო“, ურთიერთთანმშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს კახური ღორის აღდგენა-მოშენების ხელშეწყობას საქართველოში, მომთაბარე მეღორეობის აღორძინებასა და ღორის მოშენების ინტენსიურ სისტემებზე გადასვლას, ტყის ნაყოფების რეზერვების გამოყენებას და მაღალხარისხიანი ხორცის წარმოებას, რისგანაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდი „ჰამონი“ დამზადდება. ცენტრის სპეციალისტებმა ესპანელ კოლეგებთან ერთად უკვე ჩაატარეს კახური ღორის პირველი დაკვლები, ამჟამად დასრულებულია ხორცის ნედლად შრობის ექსპერიმენტი და მიღებილია პირველი ქართული „ჰამონი“.
პროექტი საპარტნიორო ფონდის მიერ არის თანადაფინანსებული, რომელიც ნაყოფისმომცემი ტყეების რეგიონებში, 1200 ნეზვზე გათვლილ 9 ფერმას ააშენებს. პირველი ფერმის მშენებლობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში უკვე დასრულების პროცესშია.
კახური ღორი კავკასიური გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად მიღებული ჯიშია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მომთაბარე მეღორეობის პირობებს და მცირე დანახარჯებით იძლევა საუკეთესო ხარისხის ხორცს და ხორცპოდუქტებს. საქართველოს რეგიონებში არსებული ნაყოფისმომცემი ტყის მასივების რაციონალურად გამოყენება კახური ღორის საშუალო ფერმერული და საოჯახო მეურნეობების კარგად განვითარების შესაძლებლობას იძლევა.