სიახლეები
05.09.2018
გურიაში თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული

ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და გურიის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუშები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ფერმერთა ნაკვეთებიდან აიღეს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებმა შეუწამლავი და შეწამლული თხილის მოსავალი ერთმანეთს შეადარეს. შედეგების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით შეწამლული თხილის ბაღებში მოსავლის 84% საღია, ფაროსანათი დაზიანებული - 3%, სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული კი 9%-ია. შეუწამლავ ბაღებში თხილის მხოლოდ 8%-ია საღი, 66%-სოკოვანი დაავდებებით დაზიანებული, 6% - ფაროსანათი მიყენებული ზიანია. იმ ფერმერებმა, ვინც თხილის ბაღების შეწამვლისას სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარეს, თხილის მოსავალის მხოლოდ 22% საღი, 6% ფაროსანათი, 60% კი სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული მიიღეს. სპეციალისტების განცხადებით, პრობლემებია თხილის ბაღებშიც, სადაც დარღვეულია თხილის მოვლა-მოყვანის და სხვლა-ფორმირების წესები.
მიღებული კვლევების შედეგად, სოფლის მეურნეობის სპეცალისტების მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტები აქტიურად აგრძელებენ ფერმერებთან შეხვედრებს და კონსულტაციების გაწევას.