სიახლეები
19.10.2018
მწარმოებლებს დამბალხაჭოს დამზადების გაუმჯობესებული ტექნოლოგია გააცნეს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „რძის ეროვნული პროდუქტების (,,დამბალხაჭო“, ყველი ,,ტენილი“, ყველი ,,თუშური გუდა“) დამზადების ტექნოლოგიური ინსტრუქციების პროექტების შემუშავება“ ფარგლებში დამბალხაჭოს ტრადიციულ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. პროექტის მიზანია წარმოებული პროდუქტის უვნებლობის უზრუნველყოფა, კონკურენტუნარიანობის ზრდა და ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის მიერ შემუშავებული გაუმჯობესებული ტექნოლოგიის დანერგვა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღიარებულ რძის გადამამუშავებელ საწარმოებში. შეხვედრაზე მწარმოებლებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული „დამბალხაჭოს“ დამზადების ახალი, გაუმჯობესებული ტექნოლოგია გააცნეს, რომელიც ნედლი რძის თერმულ დამუშავებას და სუფთა კულტურების ბაქტერიული დედოს შეტანას გულისხმობს, რაც ნაწარმის მომზადების ხანგრძლივობას საშუალოდ 72 საათიდან 14 საათამდე ამცირებს და მომხმარებლისათვის პროდუქტს უვნებელს ხდის.საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით, 2012 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრმა ,,დამბალხაჭო“ გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრირა. მისი დამზადების ტექნოლოგიას და კულტურას მინჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.