სიახლეები
29.10.2018
მეცხოველეობაში სანაშენე საქმიანობა შესაძლოა კანონით დარეგულირდეს

კანონპროექტი ითვალისწინებს მონაცემთა ბანკის, გენეტიკური და ზოოტექნიკური კვლევის ლაბორატორიების ჩამოყალიბებას, ასევე, სანაშენე საქმის სამსახურის შექმნას, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სანაშენე მუშაობის სამეცნიერო-ტექნიკურ ერთიან პოლიტიკას გაატარებს; განსაზღვრავს სანაშენე მუშაობის ორგანიზაციების სახეებს (სტრუქტურულ ერთეულებს) და მათ რეგლამენტს; სანაშენე ცხოველებზე დაადგენს სტანდარტებს/ტექნიკურ პირობებს, მათი შეფასების ნორმებსა და წესებს, აგრეთვე ზოოტექნიკური და სანაშენე აღრიცხვის ფორმებს; ცხოველთა სახეობებისა და ჯიშების მიხედვით, დაამტკიცებს სანაშენე მუშაობის საერთო ეროვნულ და რეგიონალურ პროგრამებს; მიიღებს გადაწყვეტილებას გაქრობის პირას მყოფი ენდემური და აბორიგენული ჯიშების დაცვა-აღდგენის და გაუმჯობესების, აგრეთვე, გლობალური მნიშვნელობის ჯიშებთან სანაშენე-სასელექციო მუშაობის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობაზე; მონაცემთა ცენტრალურ ბაზაში დაარეგისტრირებს სანაშენე მეურნეობებს, სანაშენე პროდუქციასა და/ან მასალას; გენეტიკური და ზოოტექნიკური ლაბორატორიების მეშვეობით უზრუნველყოფს სანაშენე პროდუქციის და/ან მასალის ექსპერტიზას; კოორდინირებას გაუწევს საერთაშორისო თანამშრომლობას სანაშენე მეცხოველეობის სფეროში და სხვა.
სანაშენე მეცხოველეობის საწარმოს აღიარებაზე გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი და სარეგისტრაციო მოწმობა. აპრობაცია, რეგისტრირება და სერტიფიცირება მოხდება სანაშენე პროდუქციის/მასალის წარმოშობის, ჯიშობრიობის, პროდუქტიულობის და გენეტიკური მანკების არარსებობის დადასტურების მიზნით.
კანონპროექტის განხილვას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის, კომპანიის „კავკასიის გენეტიკა“, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.