სიახლეები
09.11.2018
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების საკითხები ევროპელ მეცნიერებთან ერთად განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) ორგანიზებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა „სურსათის უვნებლობის რისკის შეფასება“ გაიმართა. შეხვედრა რისკის შეფასებისა და რისკის მართვის სპეციალისტებისთვის იყო განკუთვნილი და რისკის ანალიზის ევროპული მიდგომებისა და საბაზისო მეთოდოლოგიების გაცნობას გულისხმობდა. შეხვედრაზე მოხსენებები EFSA-ს მიერ მოწვეულმა ევროპელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს.„საქართველოში წარმოებული პროდუქცია უსაფრთხოა, ევროპის ბაზარზე მის გასატანად საჭიროა მხოლოდ პროდუქციის ცნობადობის გაზრდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და ახალი გამოწვევების ერთად გამკლავებაა. მომხმარებელი თქვენთან დაცულია, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უწყვეტი პროცესი. ევროპაშიც ვაწყდებით სხვადასხვა სახის რისკებს და ვცდილობთ, მომხმარებელი დავიცვათ და თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, რომელიც მუდმივად არსებობს“, - განაცხადა ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) კოოპერირების ოფიცერმა, სტილიანოს კოულოურისმა.
3 დღიან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა EFSA-ს როლზე ევროკავშირის რისკის შეფასებაში, რისკის შემფასებლებსა და რისკის მმართველებს შორის ფუნქციების გადანაწილებაზე, დამოუკიდებელი ექსპერტების როლზე, მეთოდოლოგიასა და ახალ მიდგომებზე, სურსათში საფრთხეების გამოვლენასა და მათზე მონაცემთა შეგროვებაზე.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებამ მიაღწია იმ დონეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რისკების შეფასებაზე, რომელიც თავის თავში მოიცავს მეცნიერულ ანალიზს და კვლევას, რომლის საფუძველზეც დგინდება ქვეყანაში მოხმარებული სხვადასხვა სასურსათო პროდუქციის ხარისხი. ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, სრულდება. ხელისუფლება მზად არის მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ქვეყანაში დაავადებების გავრცელების რისკებს“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ჰიგიენის ინსტიტუტის, შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის, საქსტატის წარმომადგენლები და ასევე უცხოელი სპეციალისტები უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და სომხეთიდან.
აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS შეთანხმებით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ევალება.