სიახლეები
06.12.2018
ნიადაგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია და სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეუერთდა. პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის უფროსმა, გიორგი ღამბაშიძემ ღვინის კომპანიაში „შუმი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ეკოსისტემასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ნიადაგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.სტუდენტებთან შეხვედრისას გიორგი ღამბაშიძემ ნიადაგწარმოქმნის თავისებურებებსა და ნიადაგის ნაყოფიერების მახასიათებლებზე ისაუბრა, რომლებსაც განსაკუთრებული მნივშენლობა ენიჭება ვაზის ზრდა-განვითარებაში და არსებით გავლენს ახდენს მოსავლის რაოდენობასა და წარმოებული ღვინის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ლექციის ნაწილი ვიზუალური დიაგნოსტიკის მეთოდების გაცნობას დაეთმო, რომელიც ვაზის კულტურის მაკრო და მიკრო ელემენტებით კვების უზრუნველყოფის დასადგენად გამოიყენება.
ნიადაგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციაც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს. მათ მოხსენებები მცხეთა-მთიანეთის და ქვემო-ქართლის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნიადაგების მდგომარეობის შესახებ გააკეთეს და ხაზი გაუსვეს იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ნიადაგში ცალკეული დამაბინძურებლების ჭარბი რაოდენობით დაგროვებას განაპირობებს. მოხსენებაში შეფასებული იყო ნიადაგიდან სასურსათო პროდუქტში დამაბინძურებლების გადასვლის შესაძლო რისკები.
დღეისათვის, ნიადაგების ერთი მესამედი დეგრადირებულია. ნიადაგის დაბინძურება მსოფლიო პრობლემაა, რომელიც მოსახლეობის მატებასთან ერთად იზრდება. დაბინძურების ძირითადი მიზეზი არამდგრადი სოფლის მეურნეობა, სამთო და სამრეწველო საქმიანობა და გადაუმუშავებელი ურბანული ნარჩენებია.
ნიადაგის მსოფლიო დღე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 2013 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ნიადაგის დაცვის მნიშვნელობაზე მოსახლეობის ინფორმირებაა. 2018 წელი ნიადაგის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის წლად არის გამოცხადებული.