სიახლეები
11.12.2018
პროექტი „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ დასრულდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტი „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, დასრულდა. პროექტის მიზანი ვაზის, ნიადაგის, კლიმატის და აგროტექნიკის ურთიერთქმედების შესწავლის მიზნით კომპლექსური კვლევების წარმოება, მევენახეობის დარგის ეკონომიკური ეფექტურობის ამაღლება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, შემუშავებული ბიომეთოდების პოპულარიზაცია და ფერმერებისთვის მიწოდება იყო.პროექტი 2016 წლიდან მიმდინარეობდა და მის ფარგლებში საქართველოში პირველად მეცნიერულად დამუშავდა ბიოყურძნის წარმოების სქემა. ორგანული მევენახეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა კვლევა ორ, მკვეთრად განსხვავებულ კლიმატურ რეგიონში - კახეთსა და მთიან აჭარაში განახორციელეს. ცენტრის და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მიერ ერთობლივად შეიქმნა ბიოპრეპარატი „ბენტონიტი“, რომელმაც ბიომევენახეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
პროექტის „საქართველოში ინოვაციური მეთოდების შემუშავება ორგანულ მევენახეობაში“ ფარგლებში ფერმერების ცოდნის დონის ამაღლების მიზნით არაერთი ტრენინგი და კონფერენცია გაიმართა, ასევე გამოქვეყნდა რამდენიმე ბროშურა ბიოწარმოებაზე გადასვლისა და მავნე ორგანიზმებთა ბრძოლის ღონისძიებების შესახებ.