სიახლეები
25.12.2018
წილკანში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენა გაიმართა

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ ნატრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, შპს მექანიზატორის, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
ტექნიკის გამოფენის პარალელურად აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს. მათ 4 წლის განმავლობაში შესრულებული პროექტები შეაჯამეს, სამომავლო გეგმებსა და მექანიზაციაში არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს. 2019 წელს კი ჩაის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაის ტექნიკის განვითარებაზე იმუშავებენ - გათვალისწინებულია ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ მობილური ტექნიკის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა 2018 წელს ბელარუსის კომბაინების პროექტირების სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან „გომსელმაში“ ერთად კარტოფილის ამომღებ-დამტვირთავი ნახევრადმისაბმელიანი მანქანა შექმნა, რომელიც საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან არის ადაპტირებული. 2019 წლისთვის აღნიშნული ტექნიკის გასაუმჯობესებლად ტექნიკური სამუშაოების ჩატარება არის დაგეგმილი.