facebook
youtube
mail

სიახლეები

04.08.2015

საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარების ფორუმი

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამ“-ის ინიციატივით ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, საქართველოს ტყის არამერქნული პროდუქტების დარგის განვითარების ფორუმის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა გახსნეს.   
აღნიშნული სხდომის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის „სახელმწიფო ტყის ფონდის არამერქნული რესურსით, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებითა და ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობის, ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის საჯარო განხილვა. 
საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და მეცნიერები, ტყის არამერქნული პროდუქტების გადამამუშავებელი ადგილობრივი და უცხოური საწარმოების, ექსპორტიორი კომპანიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები.
საქართველოსთვის ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოება და გადამუშავება პოტენციურად უმნიშვნელოვანესი საექსპორტო დარგია. აღნიშნულ დარგთან დაკავშირებული საწარმოო და სარეალიზაციო ციკლის სრულყოფილად განვითარება საგრძნობლად შეუწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ პირობების გაუმჯობესებას. ტყის არამერქნული პროდუქტების უმსხვილეს ბაზარს ევროკავშირი წარმოადგენს, იგი ყოველწლიურად 8-10 პროცენტით იზრდება და მისი ჯამური მოცულობა წელიწადში დაახლოებით 50 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ დარგის განვითარება საქართველოს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის ბაზარზე დაიმკვიდროს სახელი, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა. 
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს  საკოორდინაციო პლატფორმას საქართველოში ტყის არამერქნული პროდუქტების დარგისა და ბიზნესის განვითარებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საზოგადოებასა და მთავრობას შორის ამ დარგის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის ერთობლივად შემუშავება და მისი გამჭვირვალედ განხორციელების უზრუნველყოფა.