სიახლეები
03.09.2015
სამეცნიერო კლვევითი-ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობის სელექციის ინსტიტუტის დირექტორს ერნსთ რულს შეხვდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობის სელექციის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ერნსთ რული სამუშაო ვიზიტით ეწვია. სტუმარს ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ბაზის მეცნიერ თანამშრომლებმა უმასპინძლეს. აღსანიშნავია რომ ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე 2007 წელს სწორედ გერმანიიდან იქნა შემოტანილი საბაზისო ნერგები ფილოქსერა გამძლე ვაზის უვირუსო საძირეთა სადედეთა გასაშენებლად. ამავე პერიოდში გერმანელი მკვლევარების დახმარებით განხორციელდა ქართული ვაზის ჯიშების სანამყენე მასალის ვირუსულ დაავადებებზე ტესტირება.
სტუმარმა მოინახულა ქართული და უცხოური ვაზის ჯიშების საკოლექციო ნარგაობა, საძირეთა და სანამყენეთა სადედეები და სანერგეები. გაეცნო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებს. ასევე ცენტრის ბაზაზე შედგა აღორძინებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების საცდელი ღვინოების დაგემოვნება. სტუმრის მიერ აღინიშნა მათი მაღალი გემური თვისებები, პოტენციალი და განსაკუთრებულობა.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე, რომელიც შეეხება ერთობლივ თანამშრომლობას ვაზის გენეტიკური რესურსების შესწავლის სფეროს და ასევე ახალგაზრდა კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს.