facebook
youtube
mail

სიახლეები

06.10.2015

თესლის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემა

 დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან უჯმაჯურიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა თესლის მწარმოებელ კომპანიებს, მათ მიერ წარმოებული თესლის ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს.

ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროგრამის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“  ფარგლებში ჩატარდა მარცვლოვანი კულტურების საველე ინსპექტირება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საერთაშორისოდ აღიარებული მეთესლეობის სქემის შესაბამისად. ნათესების ჯიშობრივი სიწმინდისა და სხვა მონაცემების აპრობაციის შედეგად მიღებული სათესლე მასალა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ შესასრულებლად და საერთაშორისო ვაჭრობაში საქართველოს ჩასართავად. პროცესი ასევე მიმართულია საქართველოში მოსავლიანობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესებისკენ.
საველე ინსპექტირების შედეგად, მოწონებული სათესლე ნაკვეთებიდან მიღებული თესლის პარტიების ლაბორატორიული ტესტირების შემდეგ, მიღებული შედეგების საფუძველზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაიცემა ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში მეთესლეობის სექტორის გაუმჯობესებისა და თესლისა და სათესლე მასალის სერთიფიცირების სისტემის დანერგვის სამუშაოებში.