facebook
youtube
mail

სიახლეები

22.10.2015

ტრენინგები ნიადაგმცოდნეობისა და მცენარეთა დაცვის საკითხებში

 ექსტენციის პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მორიგი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა ნიადაგმცოდნეობისა და მცენარეთა დაცვის საკითხებით დაინტერესებული ადგილობრივი ფერმერებისთვის ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარებას. აღნიშნულ კურსს ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო მაღაზიების ოპერატორ-კონსულტანტები და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ზემოაღნიშნული დარგების განვითარებისთვის საჭირო საკითხებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები და მსმენელებს  ინფორმაცია მიაწოდეს ნიადაგის ნაყოფიერების შეფასების, გაუმჯობესებისა და მართვის საკითხებზე, ისაუბრეს ნიადაგის ნაყოფიერების განმსაზღვრელ ძირითად მახასიათებლებზე და მის მნიშვნელობაზე.
  ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო მცენარეთა დაცვის კუთხით არსებულ აქტუალურ საკითხებს, დაწვრილებით იქნა განხილული ს/ს კულტურათა ძირითადი მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები. განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო ვაზის, თხილისა და ბოსტნეული კულტურების მავნებელ-დაავადებებს და მათ წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-გატარებას.
  ტრენინგის ბოლოს, მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ცენტრის სპეციალისტებისგან მიეღოთ სასურველი, დამატებითი ინფორმაცია.
კვლევითი ცენტრის მიერ დაგეგმილი მსგავსი ტიპის ტრენინგები პერმანენტული ხასიათისაა და პერიოდულად განხორციელდება ბაღდათის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ტრენინგები ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და ბაღდათის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელშეწყობით ხორციელდება