facebook
youtube
mail

სიახლეები

28.10.2015

სემინარი დედოფლისწყაროში

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა ექსტენციის პროგრამის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით,  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ფერმერებისთვის ნიადაგმცოდნეობისა და მცენარეთა დაცვის საკითხებზე 2 დღიანი სემინარი ჩაატარეს.

აღნიშნული სემინარი ცენტრისა და დონორი ორგანიზაციის „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება” (GIZ) ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და მიზნად ისახავდა ნიადაგმცოდნეობისა და მცენარეთა დაცვის საკითხებით დაინტერესებული ადგილობრივი ფერმერებისთვის ცოდნის გაღრმავებასა და ახალი ტენდენციების გაზიარებას. აღნიშნულ კურსს ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო პროფილის მქონე მაღაზიების ოპერატორ-კონსულტანტები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დედოფლისწყაროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის, პროფესიული სასწავლებლებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და მსმენელებს  ინფორმაცია მიაწოდეს ნიადაგის ნაყოფიერების შეფასების, გაუმჯობესებისა და მართვის საკითხებზე, ისაუბრეს ნიადაგის ნაყოფიერების განმსაზღვრელ ძირითად მახასიათებლებზე და მის მნიშვნელობაზე, განოყიერების სისტემებზე, სასუქების ტიპებზე, ნიადაგში მისი შეტანის ვადებზე, ნორმებსა და ხერხებზე. 

ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმო მცენარეთა დაცვის კუთხით არსებულ აქტუალურ საკითხებს, დაწვრილებით იქნა განხილული აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში ადაპტირებული ს/ს კულტურათა ძირითადი მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები. განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმო თავთავიანი კულტურების მავნებელ-დაავადებებს და მათ წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-გატარებას. 

კვლევითი ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ტრენინგების მეორე ფაზა 2016 წლის იანვარში განხორციელდება