facebook
youtube
mail

სიახლეები

22.12.2015

სასწავლო სემინარი ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური მხარის, შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით, ბაზალეთის ტრენინგ-ცენტრში ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის შესახებ სასწავლო კურსი ჩატარდა. სემინარი 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა და სხვ.) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას, ცოდნის გაღრმავებას ნიადაგის ნაყოფიერების შეფასების, გაუმჯობესებისა და მართვის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზის ერთსივრციანი სათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და სხვ.  
სასწავლო კურსი რიგით მეორეა, რომელიც კვლევითი ცენტრისა და შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში განხორციელდა. შპს „ჰუნან“-ის სოფლის მეურნეობის ჯგუფი დაარსდა 1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში. მისი  საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამეცნიერო კვლევები სოფლის მეურნეობის სექტორში, კონსულტაცია და ტრენინგები თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ჯგუფი აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, რითაც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის ამ დარგით - მებოსტნეობით დაინტერესებულ პირთა ცოდნის გაღრმავებას.  
ჩინურ-ქართული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და საწარმოო პოტენციალის ზრდას. პროგრამა მარნეულის მუნიციპალიტეტიში სასათბურე მეურნეობების გაშენებასთან ერთად, კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებისა და ადგილობრივი ფერმერების გადამზადებასაც ითვალისწინებს. ბაზალეთზე მიმდინარე სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა მარნეულში, სოფელ შულავერში მშენებარე მზის ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები დაათვალიერეს, რომელიც წლის ბოლოს დასრულებულ სახეს მიიღებს. აღნიშნული სასათბურე მეურნეობა სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის იქნება და ქართველ ფერმერებს ტრენინგების სახით შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებში.  
სასწავლო კურსის ბოლოს, სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.