facebook
youtube
mail

სიახლეები

24.02.2016

ექსტენციის ეროვნული ფორუმი

 სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ორგანიზებით, 22-24 თებერვალს „ექსტენციის ეროვნული ფორუმი“ გაიმართა. ფორუმის მიზანია საქართველოში ექსტენციის სისტემის განვითარება. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურების პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გაუმჯობესებას და ფერმერთა განათლების ამაღლებას.

ფორუმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები მონაწილეობდნენ პანელურ სესიებში, რომლის დროსაც პრეზენტაციები ჩაატარეს შემდეგ თემებზე: ”თხილის წარმოების საუკეთესო პრაქტიკა“, „ხილის ჩირის წარმოება“, „ორგანული პროდუქტის წარმოების მოდელი“ და „აკვაკულტურის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

აღსანიშნავია, რომ პროექტის „საქართველოში ექსტენციისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება“ (SEAS) ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრეინინგი - „Train The Trainer”, რომელიც ტრენერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის განვითარებას, კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებასა და ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა ინოვაციური მეთოდების შესწავლას გულისხმობდა. გადამზადებული სპეციალისტები სამომავლოდ რეგიონებში საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებთან ერთად შეუდგებიან ფერმერთათვის საჭირო ცოდნის მიწოდებას.

ფორუმის დასასრულს აღნიშნულ ტრენინგის მონაწილე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 40-მდე თანამშრომელს საზეიმო ვითარებაში კურსის წარმატებით დასრულებისთვის გადაეცათ სერთიფიკატები.