სიახლეები
25.03.2016
შეხვედრა სათესლე კარტოფილის მწარმოებლებთან
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგრძელებს მუშაობას საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის აპრობაციასა და მისი შემდგომი დანერგვის პროგრამაზე. გრძელდება მარცვლეული კულტურების თესლის სერთიფიცირების ღონისძიებები. ანალოგიური სამუშაოები დაიწყო სათესლე კარტოფილის და მრავალწლოვანი კულტურების სარგავი მასალის წარმოების სფეროებშიც.თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერთიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტების მიერ პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ იქნა სამუშაო შეხვედრები სათესლე კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებთან წალკის, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
ცენტრის თანამშრომლებმა სათესლე კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებს გააცნეს მეკარტოფილეობის სექტორში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, ნორმები და სერთიფიცირების წესები. გაიმართა დისკუსია სათესლე კარტოფილის წარმოების სფეროში არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებზე. სერთიფიცირების პროცედურების აპრობაციის მიზნით, საკონსულტაციო ცენტრებსა და ფერმერებთანშეთანხმება მოხდა შემდგომში განსახორციელებელ ორგანიზაციულ და მეთოდოლოგიურ ღონისძიებებზე.