სიახლეები
21.04.2016
ლევან უჯმაჯურიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი პროფ. ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უცხოელი ექსპერტების საქმეთა სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAFEA) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ექსპერტთა კონფერენციასა და გლობალურ ინტელექტუალურ ფორუმში.გლობალური ინტელექტუალურ ფორუმის გამოფენაზე წარმოდგენლი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტენდი, სადაც ფორუმის მონაწილე ექსპერტები და დაინტერესებული პირები გაეცნენ ცენტრის სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა პროფ. ლევან უჯმაჯურიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომელთა გაცვლის საერთაშორისო ასოციაციასთან.
მემორანდუმის მიზანია ჩინურ და ქართულ მხარეებს შორის სამეცნიერო და ტექნიკური მიმართულების პერსონალის გაცვლის მხარდაჭერა, ერთობლივი პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და მომსახურების სფეროებში.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თანამშრომელთა გაცვლის საერთაშორისო ასოციაციის თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან. ჩინეთის ინსტიტუტების მოთხოვნით და სოფლის მეურნეობის სამცენიერო-კვლევითი ცენტრის რესურსებზე დაყრდნობით, ცენტრს შეუძლია რეკომენდაცია გაუწიოს გამოცდილ საერთაშორისო ექსპერტებს ჩინეთის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის, უშუალოდ ცენტრიდან ან სხვა ორგანიზაციიდან ტექნოლოგიების გაცვლის მიზნით.