სიახლეები
15.05.2019
რისკის მმართველებს რისკის შეფასების სამსახურის რეკომენდაციები გააცნეს

აღნიშნული რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრაზე რისკის მმართველებს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს გააცნეს.
შეხვედრაზე ყურადღება რისკის შეფასების სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციების და მათი გათვალისწინების მნიშვნელობაზე, ასევე, საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასთან ჰარმონიზაციაზე გამახვილდა. მხარეებმა სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგისა და ამ მიმართულებით ახალი რეგლამენტის შექმნის საკითხზეც იმსჯელეს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი ესწრებოდა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით განაცხადა, რომ რისკის შეფასების სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები იქნა წარმოდგენილი; გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები უმნიშვნელოვანესია რისკის მმართველ და რისკის შემფასებელ რგოლს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის.