facebook
youtube
mail

სიახლეები

14.05.2016

ახალი ღვინის ფესტივალი 2016

 14 მაისს, საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2016“ გაიმართა. ფესტივალზე მცირე მარნებმა და ღვინის საშუალო და მსხვილმა კომპანიებმა სტუმრებს 2015 წლის მოსავლის ახალი ღვინოები წარუდგინეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მას მინისტრი ოთარ დანელია დაესწრო.

მონაწილეებს შორის, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნირო-კვლევითი ცენტრი, რომელმაც სტუმრებს ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები წარუდგინა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა შემდეგმა ჯიშებმა: „კახური მცვივანი“, „მესხური მწვანე“, „თეთრი კაპისტონი“, „სიმონასეული“ „შავი ჩინური“, „კუნძა“ და „ჩექობალი“. 

აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას ბაზაზე მუდმივად მიმდინარეობს ქართული, ტრადიციული და უცხოური ვაზის ჯიშების მოძიება-აღდგენის პროცესი. ამჟამად, მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე გაშენებულია ვაზის ენდემური 450 და უცხოური 350 ჯიში. 

ფესტივალის მიზანს ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ღვინის შესახებ ცოდნის გაზიარება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდა წარმოადგენდა. ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ღვინის დაყენების სხვადსხვა ტექნოლოგიებს. უკვე მეშვიდე წელია, რაც ღვინის ფესტივალი საზეიმო ვითარებაში აღინიშნება და ქართული ღვინის ინდუსტრიის ყველა მონაწილეს, დიდ კომპანიებსა თუ მცირე საოჯახო მარნებს საშუალება ეძლევათ საჯაროდ წარადგინონ ღვინის ახალი სახეობები.