სიახლეები
16.06.2016
საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA-ს მთავარმა ექსპერტმა წილკნის ექსპერიმენტალური ბაზა დაათვალიერა
სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ორგანიზაციის (CYMMIT) გენერალური დირექტორი, საერთაშორისო ორგანიზაცია ICARDA-ს მთავარი ექსპერტი ალექსეი მორგუნოვმა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ნოდარ ხატიაშვილთან, მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის უფროსთან ცოტნე სამადაშვილთან და ქობულეთის ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა.ICARDA-ს მთავარი ექსპერტის ვიზიტის მიზანია ბაზაზე არსებული მარცვლოვან კულტურებზე მიმდინარე ორწლიანი სელექციური მუშაობის მონიტორინგი. ექსპერტმა დაათვალიერა სანერგეები, ICARDA-დან გასულ წელს მიღებული სელექციური მასალები, ჩაატარა ფენოლოგიური დაკვირვებები, შეაფასა მცენარეთა მდგომარეობა, აღნიშნა დაავადებების მიმართ გამძლე ფორმები და გამოყო მაღალმოსავლიანი პერსპექტიული ფორმები. ალექსეი მარგუნოვმა აღნიშნა, რომ წილკნის ბაზაზე ერთობლივი პროექტი უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება. ექსპერტმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო კვლევები კვლავ გაგრძელდება. ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციისა და საერთაშორისო სანერგეების მოსავლიანობის განსაზღვრის მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ ბაზაზე გაშენებულია საერთაშორისო სანერგეები (ჯამში 500-მდე ნიმუში): სარწყავი და ურწყავი ზონის საკოლექციო და გამრავლების, ასევე დაავადებებისადმი გამძლე ფორმების სანერგე.
ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი (CYMMIT) და მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კულტურების კვლევის საერთაშორისო ცენტრი (ICARDA) აერთიანებს შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალ სახელმწიფოებს და ხელს უწყობს სასელექციო მასალის გაცვლასა და გამორჩეული ფორმების შესწავლას.