სიახლეები
22.07.2016
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან და შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორთან გიორგი ღუღუნიშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში ჯიშთა გამოცდის და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღნიშნულ რეგიონებში მრავალპროფილიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის ბაზაზე ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კარტოფილის ჯიშთა შესწავლა, ასევე საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების ჯიშთა გამოცდა, სასელექციო ჯიშების გამოყვანა.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალციხის (სოფელი ვალე-ჭორატი), ადიგენისა (სოფელი ბოლაჯური) და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ერთწლოვანი (ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, სიმინდი, მუხუდო) და მრავალწლოვანი (ვაზი, ხეხილი) კულტურების სხვადასხვა ჯიშებზე პროდუქციის სამეურნეო მაჩვენებლების საბოლოო შეფასებას და კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა-გავრცელებას ახორციელებს. მნიშვნელოვანია ხორბლის ენდემური ჯიშების „ახალციხის წითელი დოლი“, „ვარძია“, „შავფხა“, ასევე ჭვავის კულტურის საცდელ ნაკვეთებზე ელიტური სათესლე მასალის წარმოების სამუშაოები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ცენტრის მმართველობაში მყოფი შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ ნაკვეთებიც დაათვალიერეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში, 120 ჰა ფართობზე, კომპანია საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების (ქერი, ორთესელა ხორბალი) და კარტოფილის სხვადასხვა ჯიშის გამოცდას და სათესლე მასალის წარმოების პროექტს წარმატებით ახორციელებს. შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია“ ანალოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საშემოდგომო კულტურებზეც ახორციელებს.
ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სხვადასხვა ბაზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.