სიახლეები
31.08.2016
ავსტრიული კომპანია SAATBAU სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს მარცვლოვანი კულტურების ახალი ჯიშების თესლს გადასცემს
მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია SAATBAU სოფლის მეურნელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სხვადასხვა რეგიონში არსებულ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გამოსაცდელად მარცვლეული კულტურების ახალ ჯიშებს გადასცემს.აღნიშნული შეთანხმების დეტალები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ავსტრიული კომპანიის SAATBAU დირექტორმა, კარლ ფიშერმა დღეს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ჯიშთა გამოცდას და პირველად მეთესლეობას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. აქედან გამომდინარე, მარცვლოვანი კულტურების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანიასთან სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რამდენიმე წელია თანამსრომლობს. უკვე მესამე წელია, საქართველოს მასშტაბით ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე SAATBAU-ს მარცვლოვანი ჯიშების, კერძოდ თავთავიანი კულტურების (ხორბლის რამოდენიმე ჯიში, ქერი, შვრია) გამოცდა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე მხარეებმა უკვე გადმოცემული ჯიშების (რბილი ხორბლის 8 ჯიში, ჭვავის -1 ჯიში და ქერის - 1 ჯიში) გამოცდით მიღებული შედეგები განიხილეს. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებს მიმდინარე კვლევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე სამეცნიერო მიმართულებით და ჯიშთა გამოცდის კუთხით თანამშრომლობის ახალი მიმართულებები გამოიკვეთა. ავსტრიული კომპანიის ხელმძღვანელმა ცენტრის თანამშრომლებს გააცნო მარცვლოვანი კულტურების ის ახალი ჯიშები, რომლებსაც სადემონსტრაციო ნაკვეთებზე გამოცდის მიზნით სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადასცემს. აღნიშნული ჯიშების გამოცდას პირველადი მეთესლეობის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ავსტრიული კომპანია SAATBAU მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრის მმართველობაში არსებულ შპს „მარცველულის ლოჯისტიკის კომპანიასთან“ და თანამშრომლობის ფარგლებში, ჯიშთა გამოცდის მიზნით, მარცვლეულ კულტურებს - ხორბლის, ქერის, ჭვავის, მზესუმზირის, კარტოფილის, სოსიოს და სიმინდის თესლებს გადასცემს.
„კომპანია SAATBAU საქართველოში 2012 წლიდან, კომპანია „ნობლექსის“ დახმარებით ოპერირებს. სათესლე მასალის გამრავლების პირველი შედეგი უკვე სახეზეა - წელს საქართველოში ხორბლის ორი ჯიშის გამრავლება გახდა შესაძლებელი. დღეს მიღწეული შეთანხმების თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომანიას“ საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში გამოსაცდელად სხვა ახალ კულტურებსაც შევთავაზებთ“,- განაცხადა კომპანია “SAATBAU”-ს დირექტორმა, კარლ ფიშერმა.
სამეცნიერო-კველვით ცენტრში გამართულ შეხვედრას შპს „მარცველული ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორი გიორგი ღუღუნიშვილი და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია SAATBAU-ს დირექტორმა, კარლ ფიშერმა დედოფლისწყაროს რაიონში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერა და არსებული ჯიშების გამოცდის პროცესს ადგილზე გაეცნო. სტუმარი ჯიღაურაში ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ცენტრშიც იმყოფებოდა და სოფელ წილკანის ერთწლოვანი კულტურების მეთესლეობის საკვლევი სადემონსტრაციო ბაზაც დაათვალიერა.