facebook
youtube
mail

სიახლეები

01.09.2016

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კალიფორნიის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და კალიფორნიის უნივერსიტეტი - დევისი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. 
ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და კალიფორნიის უნივერსიტეტის - დევისის პროფესორი, ლაბორატორია „DILAB"-ის დირექტორი, კურტ კორნბლუტი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 
შეხვედრის მთავარ მიზანს აგრარული მიმართულებით პროფესიული სასწავლო პროგრამების განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. 
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ განმარტა, რომ ცენტრი კალიფორნიელ სტუმრებს წალკაში მათ მფლობელობაში არსებული ნაკვეთებისათვის კარტოფილის კულტურების, საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბლისა და ქერის თესლებს გადასცემს. 
მემორანდუმის ფარგლებში, ორი ქვეყნის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული უნარ-ჩვევების გასაღრმავებლად სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ყველა სადემონსტრაციო ნაკვეთები გამოიყენონ. ასევე ქართულ და კალიფორნიულ მხარეებს შორის მოხდება პროფესორ-მასწავლებლების გაცვლა, რათა სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიიღონ მაქსიმალური ცოდნა და ინფორმაცია აგრარული მიმართულებით. 
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დმანისში სასოფლო სამეურნეო ცხოველთა სასელექციო სადგურის მოწყობა იგეგმება და მემორანდუმის ფარგლებში კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ იქ დაგეგმილ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.