სიახლეები
28.10.2016
ქართველმა სპეციალისტებმა ჩინელი ფერმერებისთვის სასწავლო სემინარი ჩაატარეს
ქართველმა სპეციალისტებმა ჩინელი ფერმერებისთვის სასწავლო სემინარი ჩაატარესჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰებეის პროვინციაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის წარმომადგენლებმა ჩინელი ფერმერებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთკვირიანი სემინარი ჩაატარეს.აღნიშნული სემინარი ჩინეთის ჰებეის პროვინციის მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ასოციაციასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის მევენახეობა-მეღვინეობის, ორგანული სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
სემინარის ფარგლებში მონაწილეები ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის მიმართულებით ორგანული წარმოების პრინციპებს, ბიომეურნეობების დაგეგმვისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებს გაეცნენ. ფერმერებმა პეკინის, ჰებეის, ანპინისა და ტინაცზინის მეურნეობებში ბიოლოგიური ღონისძიებების პრაქტიკული სწავლებაც გაიარეს.
ჰებეის პროვინციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის ფორმატში, ჩინეთში, მევენახეობა-მეღვინეობისა და მეხილეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქართული ენდემური ყურძნისა და ხეხილის ჯიშების ინტროდუქცია განხორციელდება, მოეწყობა ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო ბაღები.
ვიზიტის დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დელეგაციამ ქ. დინჩჟოუს მევენახეობა-მეღვინეობის მეურნეობაში გამართულ ღვინის გამოფენა-დეგუსტაციაში მიიღო მონაწილეობა.