facebook
youtube
mail

სიახლეები

10.11.2016

საქართველოსა და ესპანეთს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, მანუელ ლაინეზ ანდრესის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაზე ქართული დელეგაციის წევრებმა აღნიშნული ინსტიტუტის დაქვემდებარებაში მყოფ სამეცნიერო ცენტრებში, დეპარტამენტებსა და ლაბორატორიებში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.
„ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიის კვლევით ინსტიტუტი აგრარული მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა. მნიშვნელოვანია, რომ ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების დაცვა, სანაშენე საქმიანობა, ვეეტერინარია, მაღალი რისკის შემცველი დაავადებების ერთობლივი კვლევა, ბიოტექნოლოგია და ექსტენცია“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, იური ნოზაძის განცხადებით, ესპანური მხარის მხარდაჭერით, ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები ესპანეთის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში არსებულ სასწავლო პროგრამებში ჩაერთვებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ესპანური კომპანიის (De Raza Iberico) მეღორეობის ფერმები, ცხოველთა სასაკლაო და კომპანიის კუთვნილი ხორცის გადამამუშავებელი თანამედროვე ტიპის მსხვილი საწარმო კომპლექსები დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ ესპანური კომპანია De Raza Iberico საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, კახური ღორის სანაშენე ფერმის შექმნის პროექტს ახორციელებს.შეხვედრა გაიმართა საქონლის ხორცის უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიასთანაც (Grupo Nortenos), რომელიც საქართველოში მეხორცული ჯიშის ძროხის ფერმის მოწყობას გეგმავს.
ქართული დელეგაციის წევრებმა, სათბურების მწარმოებელი კომპანიის (Grupo Intaco) ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბოსტნეული კულტურების დახურულ გრუნტში მოსაყვანად თანამედროვე ტიპის სადემონსტრაციო სათბურის მოწყობის საკითხები განიხილეს. კომპანია Grupo Intaco, კვლევით ცენტრთან ერთად, სადემონსტრაციო სათბურის მოწყობას წყალტუბოში მომავალი წლიდან გეგმავს.