facebook
youtube
mail

სიახლეები

20.05.2019

ფერმერებს ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

ბოსტნეული კულტურების მყნობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ფერმერებს, აგრარული დარგის სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგის მონაწილეები პომიდვრის, ტკბილი წიწაკის და ბადრიჯნის მყნობის საერთაშორისო სტანდარტებს და მეთოდებს გაეცნენ და მყნობის 4 ძირითადი მეთოდი პრაქტიკულ მეცადინეობაზე, ბოსტნეული კულტურების მაგალითზე შეისწავლეს.

ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებებისადმი გამძლე საძირის და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას, რაც მცენარეების დაავადებებისგან დაცვას, ვეგეტაციის გახანგრძლივებას და მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს.

ჩითილების დამყნობის ახალი ტექნოლოგია ფუზარიოზით დაავადებულ ნიადაგში ქიმიკატების გარეშე ბოსტნეული კულტურების მოყვანის ერთადერთი შესაძლო მეთოდია. აღნიშნული დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც საგრძნობლად ამცირებს მოსავლიანობას. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის გზით კი ფერმერები შეძლებენ მოსავლიანობის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფერმერებისთვის რეგულარულად ატარებს უფასო სასწავლო კურსებს, რომელიც როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სწავლებას მოიცავს. მონაწილეობის მსურველებს სააპლიკაციო ფორმის შევსება უწყების ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.