სიახლეები
21.08.2019
სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

მემორანდუმის ფარგლებში ჩამოყალიბდება ინფორმაციის გაცვლის და კომუნიკაციის მექანიზმი, შემუშავდება ახლი პროგრამები და მოხდება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. ასევე დაგეგმილია ერთობლივი სემინარების და ტრენინგების გამართვა.
„მნიშვნელოვანია საქართველოში ქიმიური, მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევების განვითარება, როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის რისკის შეფასების მიმართულებით. გერმანელი კოლეგების გამოცდილება დაგვეხმარება საქართველოში აღნიშნული სფეროების გაძლიერებაში“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტში, ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა BfR-ის პრეზიდენტს, ანდრეას ჰენზელს, აღამსრულებელ დირექტორს, მაგნუს იეგერს და გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალური სამინისტროს რეგიონალურ დირექტორს, შტეფან ჰუბნერს. მხარეებმა ისაუბრეს სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით კვლევების გაფართოების აუცილებლობაზე. როგორც შტეფან ჰუბნერმა აღნიშნა, საქართველოსთვის სურსათის უვნებლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია, როგორც ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის.