სიახლეები
18.11.2019
აზია-ფიტოფტორას III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის წყნარი აზია-ჩინეთის განყოფილების და ჩინეთის აგრარული უნივერსიტეტის (CAU) ორგანიზებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში აზია-ფიტოფტორას (AsiaBlight) III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ხიდეშელმა მიიღო, რომელმაც პრეზენტაცია „ფიტოფტორა, კარტოფილის სხვა მნიშვნელოვანი დაავადებები საქართველოში და მათ წინააღმდეგ ბრძოლა“ წარმოადგინა. მან კარტოფილის დაავადებებთან ბრძოლაში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯებზე, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობაზე და მათთან ერთად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.აღსანიშნავია, რომ AsiaBlight-ის პროგრამის ფარგლებში ცენტრის თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოპოვებული კარტოფილის ფიტოფტორას ნიმუშების გენეტიკური კვლევა შოტლანდიაში, დანდის უნივერსიტეტში ჩატარდა. მიღებული მონაცემები EuroBlight 2019-ის საერთაშორისო ელექტრონულ რუკაზე განთავსდა.
3 დღიან კონფერენციას ევროპის, აზიის და სამხრეთ ამერიკის კარტოფილის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნების მეცნიერები ესწრებოდნენ. ფართო დისკუსიის ფორმატში დელეგატებმა კარტოფილის საშიში დაავადების - ფიტოპტორას კვლევისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდებზე იმსჯელეს.