სიახლეები
19.11.2019
სარგავი მასალის სერტიფიცირების პროექტზე მუშაობა გრძელდება

პროექტის პირველ ეტაპზე 81 სანერგე მეურნების და 21 პოტენციური მხარდამჭერი ინსტიტუციის კვლევა ჩატარდა, რომელმაც სექტორში არსებული მდგომარეობის იდენტიფიცირება მოახდინა. სანერგეების წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მთავარ გამოწვევად ლაბორატორიულ და ფიტოსანიტარულ სერვისებზე და სერტიფიცირებულ სარგავ მასალებზე დაბალი ხელმისაწვდომა დასახელდა.
სანერგეების წარმომადგენლების მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მათთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები და ევროპელი ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე სერტიფიცირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს. სანერგეების წარმომადგენლებმა პროცესში არსებულ ხარვეზებსა და მათ მოთხოვნებზე გაამახვილეს ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი მიმდინარე წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ არეგულირებს, რომელიც ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა.