სიახლეები
23.12.2019
მცირე მარნების წარმომადგენლებს ვაზის იშვიათი ქართული ჯიშები გააცნეს

„მცირე მარნებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრება სწორედ იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინოებით შეუძლიათ. ამ კუთხით დაინტერესება საკმაოდ დიდია, ამიტომაც ჩვენ ვაგრძელებთ ახალგაზრდა მეღვინეებისთვის იმ იშვიათი ვაზის ჯიშების გაცნობას, რომლებსაც დიდი პერსპექტივა აქვთ.“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 450-მდე ქართული და 350 უცხოური ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები თავის დროზე სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სწორედ აღნიშნული ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს.