სიახლეები
07.07.2020
პარლამენტში ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ მოკლედ მიმოიხილა ბოლო წლებში აგრარული მეცნიერების ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ის წინაპირობები, რამაც ქვეყანა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაარსების აუცილებლობის წინაშე დააყენა. მისი თქმით, ამ ცენტრს ხელეწიფება აგრარული მეურნეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და ყველა იმ მნიშვნელოვან პრ ოექტში მონაწილეობა, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება აგრარული მიმართულებით.
ლევან უჯმაჯურიძემ ისაუბრა ცენტრის სხვადასხვა სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. როგორც ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც სახელმწიფოს გადაეცა „ქართუს“ მიერ შექმნილი ჯიღაურას და წილკნის ბაზები, ცენტრის ფარგლებში, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოეწყო თესლის ხარისხის, დნმ-ის, ეკო-ფიზიოლოგიის ლაბორატორიები, მეცხოველეობის მიმართულებით დმანისის სასელექციო სადგური, მუხურის მეფუტკრეობის ბაზა, კრწანისის მეცხოველეობის სანაშენე ფერმა და ა. შ.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითადი მიმართულება გენეტიკური რესურსების მოძიება, დაცვა და კონსერვაცია წარმოადგენს, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ცენტრის უმთავრესი ფუნქციაა შემუშავებული რეკომენდაციების, დასკვნების, გამოცემული მასალების ფერმერებამდე მიტანა, ასევე სადემონსტრაციო დღეების ჩატარება, ლექციები, ღია კარის დღეები. 4 ათასზე მეტი დასკვნა-რეკომენდაცია აქვს გაცემული ცენტრს შექმნის დღიდან იმ პროექტების ფარგლებში, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, მათ შორის 920 გაცემულია წელს, კოვიდ-19-ის პერიოდში.