სიახლეები
11.11.2020
სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების გამოწვევებზე საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა

„ჩვენი ცენტრი უკვე მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს EFSA-სთან, გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან და დასავლეთის სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებთან, რაც საქართველოში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ჩვენ გადავედით ახალ ეტაპზე - ევროპული სტანდარტების რისკის შეფასების კვლევების შემუშავების მცდელობისკენ, რაც, ცხადია, გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი სამუშაო შეხვედრა საშუალებას მოგვცემს ზუსტად ამ მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ორიენტირი“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ასოციაციების, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, EFSA-ს, ევროკომისიის ორგანოების (DG-SANTE, DG-NEAR), გერმანიის რისკის შეფასების ფედერალური ინსტიტუტის და აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნების რისკის შეფასების სტრუქტურების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებით ეკისრება.