სიახლეები
18.02.2021
ჯიღაურას ბაზაზე ეკრანული სათბურები მოეწყო
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ეკრანული სათბურების (სკრინჰაუსი) მშენებლობა დასრულდა. ორ, საერთაშორისო სტანდარტის სათბურ იზოლატორში ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის (საბაზისო) სადედე ნარგაობები მოეწყობა, საიდანაც სადედე მასალა სანერგე მეურნეობებში გავრცელდება.800 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სათბური იზოლატორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. პროექტი გულისხმობს სახელმწიფოს მხარდაჭერას ორი ძირითადი მიმართულებით - სერტიფიცირების სისტემის და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და სანერგეების შესაძლებლობლების გაძლიერება, მათ შორის, სანერგეების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება.
„სათბურ იზოლატორების აშენება ევროსტანდარტებთან შესაბამისი სერტიფიცირების სისტემის შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. FAO-ს და ევროკავშირის დახმარებით, ეს იქნება ხარისხიანი გასამრავლებელი მასალების, მათ შორის, ენდემური ჯიშების მთავარი საცავი ქვეყანაში, რაც ფერმერებისთვის ხარისხიანი ნერგების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. ხარისხიანი ნერგი კი, უმნიშვნელოვანესია სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა.
აღსანიშნავია, რომ სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2018 წელს დაიწყო და მას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს. სარგავი მასალების სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.