facebook
youtube
mail

სიახლეები

28.05.2021

უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი ანასეულის ბაზას ესტუმრა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზას უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი ესტუმრა, მათ ჩაის და სუბტროპიკული კულტურების სამსახურის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები, სათბურები და ორანჟერიები დაათვალიერეს და სამსახურის საქმიანობას გაეცნენ. სტუმრები ლიმონის, ფორთოხლის, ფეიჰოას, სტევიას ჯიშებით დაინტერესდნენ, რომლის სარგავი მასალის წარმოებაზეც სამსახური ამჟამად მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება ჩაის ახალ სელექციურ, მაღალპროდუქტიულ ჯიშს „კოლხიდა“ მიექცა, სამსახურს უკვე 15 000-მდე მაღალი კატეგორიის ნერგი აქვს გამოყვანილი, რომელიც ფერმერებს ახალი პლანტაციების გასაშანებლად გადაეცემათ. სტუმრები ბაზაზე არსებულ საწარმოში ჩაის გადამუშავების პროცესების სრულ ციკლსაც გაეცნენ და ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრის „ანასეული“ ახლად შექმნილი მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მესამე დონის ლაბორატორია დაათვალიერეს. ახალი ლაბორატორია სასოფლო-სამეურნეო მცენარეების დაავადებების და მავნებლების გამოვლენის, ასევე მწერების ბუნებრივი მტრების გამრავლების მიმართულებით იმუშავებს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ჩაის და სუბტროპიკული კულტურების სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტებიც გააცნო, რომლის ფარგლებშიც, დასავლეთ საქართველოში, რამდენიმე ასეულ ჰექტარზე, ჩაის არებული პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. ცენტრის თანამშრომლობი ფერმერებს ჩაის მოვლა-მოყვანის და დაავადებების პრევენციის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში კონსულტაციას უწევენ.

აღსანიშნავია, რომ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, უკვე გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებების უნივერსიტეტთან, რომელიც სამეცნიერო კვლევების და აგრარული განთლების მიღების მიმართულებით ხელშეწყობას გულისხმობს.