სიახლეები
28.06.2021
სატაცურის მოვლა-მოყვანაზე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, საქველმოქმედო ფონდის „ლაზარე“ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ფერმერებისა და დაინტერესებული პირებისთვის სატაცურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიაზე ტრენინგი ჩაატარა. ფერმერებმა წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერეს და სატაცურის კულტურის მოყვანას ადგილზე გაეცნენ. ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენელმა, ირმა ირემაშვილმა ფერმერებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სატაცურის კულტურის მოყვანისთვის საჭირო აგროეკოლოგიურ პირობებზე, სარგავი მასალის მიღებაზე, სატაცურის პლანტაციის გაშენებაზე, მის მოვლაზე, სარწყავი სისტემის მოწყობაზე, საქართველოს ნიადაგურ-კლიმატური პირობებისთვის ადაპტირებულ ჯიშებსა და ჰიბრიდებზე. ტრენინგზე ყურადღება დაეთმო სატაცურის მავნებელ-დაავადებებს და მათთან ბრძოლის ღონისძიებებს, ასევე, სატაცურის მოყვანის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე, მის სარეალიზაციო ბაზრებსა და მოთხოვნაზე.სატაცური მრავალწლოვანი ბოსტნეული კულტურაა, რომელიც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოთხოვნა მზარდია. ადგილობრივ პირობებში სატაცურის მოვლა-მოყვანზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად არის ჩართული ამ მიმართულებით უფასო ტრენინგებსა და კონსულტაციების გაწევაში.
ტრენინგი „სატაცურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია“ საქართველოს საპატრიარქოს და შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა