სიახლეები
23.09.2021
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიებს FAO-მ 10 000 ევროს ღირებულების ინვენტარი გადასცა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერი-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია 2018 წლიდან „ნიადაგის ლაბორატორიების გლობალური ქსელის“ (GLOSOLAN) წევრია. 2019 წელს, GLOSOLAN-ის ფარგლებში მოეწყო ლაბორატორიათაშორისი პროფესიული ტესტირება, სადაც, მსოფლიოს მასშტაბით, ნიადაგის კვლევის 100 ლაბორატორია იყო ჩართული. საქართველოს ნიადაგის კვლევის ლაბორატორია საუკეთესო შედეგების მქონე 21 ლაბორატორიაში მოხვდა, რის შედეგადაც, FAO-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა და გაიმარჯვა. ლაბორატორიამ საჭირო ინვერტარი სწორედ FAO-ს საგრანტო პროექტის ფარგლებში მოიპოვა. ასევე FAO-ს მხარადაჭერით აღიჭურვა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორია.
„ჩვენი ლაბორატორიები, მათ შორის, განსაკუთრებულად აქტიურად, ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, ჩართული არიან საერთაშორისო პროექტებში; ერთ-ერთი წარმატებაFAO-ს საგრანტო პროექტში გამარჯვებაა. დახმარება, რომელიც გრანტის ფარგლებში მიიღეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიებმა, კიდევ მეტად ეფექტიანს გახდის ვალიდურ კვლევებს”, -განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.
საქართველოში FAO-ს წარმომადგენლის, მამუკა მესხის განცხადებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში აქტიურად უჭერს მხარს.
„FAO-ს დახმარებით, რამდენიმე წლის წინ, სათესლე მასალების სერტიფიცირების ლაბორატორია აღიჭურვა. დღეს საუკეთესო ლაბორატორიული დანადგარები უკვე ნიადაგის კვლევის ლაბორატორიას გადაეცა, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ცენტრს, კვლევითი საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს“, -აღნიშნა მამუკა მესხმა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის და მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიები 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ნიადაგისკვლევის ლაბორატორიაში ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება. დნმ ლაბორატორიაში, დნმ-ის მარკირების გამოყენებით, ქართული იშვიათი და მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა, კავკასიური ველური ვაზის შესწავლა და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევა ხორციელდება.