facebook
youtube
mail

სიახლეები

19.10.2021

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სურსათის უვნებლობის და ცხოველის სიჯანსაღის/კეთილდღეობის რისკების მმართველებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და გ.ნათაძის სახელობის ჰიგიენის, სანიტარიის და სამედიცინო ეკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით სურსათის უვნებლობის და ცხოველის სიჯანსაღის/კეთილდღეობის რისკების შეფასების და მეცნიერულ ფაქტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების კომუნიკაციის საკითხებზე რისკის მმართველებისთვის და ყველა დაინტერესებული მხარისთვის ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, რისკის შემფასებლებმა მიმდინარე პროექტები და 2020 წელს განხორციელებულ სამუშაოებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს და დისკუსიის ფორმატში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

ონლაინ სამუშაო შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება მიმდინარე პროექტს „საქართველოში, სურსათის მოხმარების შესწავლის მიზნით ნუტრიციული მოდელის და კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდირება“ დაეთმო, რომლის მიზანიც, საქართველოში სურსათისმიერი რისკების რაოდენობრივი შეფასების უზრუნველსაყოფად მოსახლეობის სურსათის მოხმარების შესახებ მონაცემების გენერირებაა. პროექტი ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაესი ორგანოს (EFSA) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მიზანია სურსათის მოხმარების მონაცემთა ეროვნული ბაზის შემუშავების ხელისშეწყობა და მომავალში ამ მონაცემების ინტეგრაცია ევროკავშირის FoodEx2-ის საერთაშორისო ბაზაში. კვლევის ფარგლებში დაწყებულია რეგიონების მიხედვით ნაციონალური კერძების, კერძოდ, ხორცისა და რძის პროდუქტებისა და კერძების დაზუსტება, შერჩეულია ნუტრიციული მოდელის შემუშავებისთვის კომპიუტერული უზრუნველყოფის პროგრამა და ნუტრიციული კვლევისთვის სტანდარტული რეცეპტურების ფორმირების მექანიზმი.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტები „ანტიმიკრობული რეზისტენტობის გენები მწვანე კონცხის და ბათუმის სანაპირო რეკრეაციულ წყლებში საქართველოში, დასკვნები მეტაგენომური ანაზიებიდან“, „ბროილერში გავრეცელებული Campylobacter jejuni-ის და Campylobacter coli-ის პოპულაციებში პტორქინელონის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულობის აღმოცენების რისკის ალტერნატიული გზების განსაზღვრა“, „სასმელი წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურებასთან ასოცირებული სურსათისმიერი ინფექციების აღმოცენების პოტენციური რისკები“, „რისკის შეფასების მიზნებისთვის საქართველოში, ადამიანის და ცხოველების ბრუცელოზის ინფექციებიდან გამოყოფილი Brucella melitensis-ის და Brucella abortus-ის შტამების იდენტიფიცირება და დახასიათება“, და „ბაქტერიული ინფექციებით განპირობებული გენომური ცვლილებები და მათთან ასოცირებული პოტექნციური დაავადებების რისკები კობრის ბუნებრივ პოპულაციებში“.

ონლაინ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.