სიახლეები
28.10.2021
სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა სახელმწიფოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციასა და სპეციალისტების გადამზადებაში, ასევე, სანერგე მეურნეობებს შესაძლებლობების გაზრდასა და სერტიფიცირების სისტემის დანერგვაში ეხმარება. პროგრამა ფერმერების ფინანსურ მხარდაჭერასაც მოიცავს, რაც სანერგეებს, 2024 წლისთვის, სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე გადასვლაში დაეხმარება. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, უკვე შემუშავებულია სანერგეში ჩასატარებელი სამუშაოების, სარგავი მასალის მოძრაობის და ფიტოსანიტარიული ჟურნალები, რომელიც მენერგეებს სერტიფიცირების პროცესში დაეხმარება.
საქართველოში სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს. სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.