facebook
youtube
mail

სიახლეები

03.12.2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა. მინისტრმა გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მიმდინარე წლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და 2022 წლის გეგმები განიხილა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიების, დაცვისა და მათი კონსერვაციის საკითხებზე. მცენარეთა, მათ შორის მრავალწოვანი კულტურების აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, ცენტრის მფლობელობაში არსებულ ბაზებზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჯიღაურა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ანასეული) დაცულია ვაზის (450 ადგილობრივი ჯიში, ველური ვაზის 149 ფორმა, 350 ინტროდუცირებული ჯიში, 14 ფილოქსერაგამძლე საძირე ჯიშ-კლონი), ხეხილოვანი (450-ზე მეტი ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიში და საძირე), სუბტროპიკული (30-ზე მეტი ჯიშ-ფორმა და საძირე), და აგროსატყეო ( ტყის 88 სახეობა, ვერხვის 25 და თუთის 30 ფორმა) კულტურები;

საუბარი შეეხო ერთწლოვან, მათ შორის მარცვლოვან კულტურათა გენეტიკური რესურსების მოძიებისა და თესლის გენეტიკური ბანკის გრძელვადიანი კოლექციის გამდიდრების საკითხს, სადაც სხვადასხვა კულტურების პარალელურად უკვე შეტანილია ქართული ხორბლის სახეობები, სახესხვაობები და ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციები მ.შ. 5 ენდემური სახეობა და ქართული ხორბლის დოლის პურის 9 ჯიში . განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მარცვლეული, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ენდემურ სახეობებზე, ადგილობრივი ჯიშების პირველად მეთესლეობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მიმდინარე სელექციურ სამუშაოებზე.

მეცხოველეობის მიმართულებით, ადგილობრივი ჯიშების, პოპულაციების აღდგენა -გაუმჯობესების, გენეტიკური ბანკის შექმნის და გავრცელების მიზნით, მოძიებულია მსხვილფეხა პირუტყვის (მთის ძროხა, კავკასიური წაბლა, მეგრული წითელი), გადაშენების ზღვარს მისული კახური ჯიშის ღორის , ცხვრის თუშური, იმერული, ნახევრადნაზმატყლიანი, ნაზმატყლიანი-ცხიმკუდიანი ჯიშების სულადობა; ასევე შექმნილია ფრინველთა(ქათამი,ინდაური,იხვი,ბატი) სანაშენე გუნდი. აღდგენილია ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაცია, შექმნილია სამი რეპროდუკტორი; ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა მეთევზეობისა და მეაბრეშუმეობის მიმართულებით;

შეხვედრაზე იმსჯელეს თესლისა და სარგავი მასალის წარმოების სექტორის განვითარებასა და ხარისხის კონტროლის ხელშეწყობის საკითხებზე, რომელიც საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში 2024 წლიდან სავალდებულო ხდება. ამ მიზნით, FAO-ს და USAID-ის პროგრამების დახმარებით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განაგრძობს სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის სრულყოფას. სანერგეების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცენტრი შერჩეულ ფერმერულ მეურნეობებს მომავალშიც აღმოუჩენს თეორიულ (ტრენინგები) და პრაქტიკულ (სადედე მასალით მომარაგება) დახმარებას. დღეისათვის, გაწეული სამუშაოების შედეგად, გაცემულია თესლის ხარისხის დამადასტურელებლი 175 სერტიფიკატი, ხოლო 51 სანერგე მეურნეობას მიენიჭა კვალიფიციურობის სტატუსი. შეიქმნა ეროვნული კატალოგის ვერსია, რომელშიც შეტანილ იქნა ხორბლის (8 უცხოური, 6 ქართული) და ვაზის (12 ადგილობრივი) ჯიში; სახელმწიფო პროგრამების მხარდასაჭერად გაიცა 5400 დასკვნა რეკომენდაცია; 8000-ზე მეტ ფერმერს ჩაუტარდა კონსულტაციები მობილური ექსტენციის მიმართულებით. ცენტრის მეცნიერ -თანამშრომლები, როგორც ადგილზე, ასევე რეგიონებში სისტემატიურად ატარებენ ტრეინინგებსა და სადემონსტრაციო დღეებს.

შეხვედრაზე მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა მევენახეობა-მეღვინეობის, მათ შორის მევენახეობის სპეციფიური მიკროზონების შესწავლისა და ორგანული მევენახეობის ინოვაციური მეთოდების შემუშავების და გავრცელების საკითხებზე. 2022 წელს, აღნიშნული მიმართულებით კვლევები კვლავ გაგრძელდება, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი გეოგრაფიული მიკროზონების ჩამოყალიბებას და შესაბამისად ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რეგისტრაციასა. ხაზი გაესვა სურსათისმიერი, ფიტო და ვეტერინარული რისკების შეფასების სფეროში მიმდინარე აქტივობებს. ცენტრში ეროვნულ დონეზე, პირველად შემუშავდა ეროვნული დიეტური და ნუტრიციული კვლევის პროექტი და წარედგინა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ცენტრის ლაბორატორიულ ბაზებზე, აგროსამრეწველო სექტორის თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე მათი შესაძლებლობების გაფართოებაზე.

2021 წელს შესწავლილი ნიადაგების ფართობმა 200 000 ჰა-ს გადააჭარბა, დამუშავდა ნიადაგის ნაყოფიერების ამსახველი რუკები; აღსანიშანვია, რომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ლაბორატორიათაშორის შეფასებაში ი. სარიშვილის სახ. ნიადაგის ლაბორატორია 21 საუკეთესო ლაბორატორიათა შორის დასახელდა.

პროგრამის ,,ქართული ჩაის რეაბილიტაცია“ ფარგლებში შესწავლილია 2000 ჰექტრამდე ჩაის მიტოვებულ-გატყევებული ნარგაობა; 1500 ჰექტარზე გაცემულია აღდგენა-რეაბილიტაციის ტექნოლოგიური სქემები. განიხილეს მოლეკულური გენეტიკის კვლევის ლაბორატორიაში დნმ-ის მარკირების გამოყენებით ქართული იშვიათი და მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშების იდენტიფიცირებისა და მონაცემთა ბაზის შექმნის, კავკასიური ველური ვაზის შესწავლის და ვაზის კულტივირებულ გენოფონდთან მისი დამოკიდებულების კვლევის საკითხებიც, რომელიც კვლავ გაგრძელდება. აღინიშნა, რომ მიმდინარე 2021 წელს, დასავლეთ საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო ადამ ბერიძის სახ. ნიადაგებისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორიამ, სადაც მცენარეთა დაცვის თანამედროვე მეთოდებთან ერთად, მეცნიერულ დონეზე განხორციელდება სხვადასხვა მავნებლების ბიოლოგიის შესწავლა, ბიოლოგიური აგენტების ძიება და მათი გამოყენება; „მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნება და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება, მეორე მხრივ კი, კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა, შედეგების გაზიარება და მათი პრაქტიკაში გადატანა“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

2022 წელს, მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიება-აღდგენის პარალელურად, გაგრძელდება ვაზის პერსპექტიული ჯიშების პოტენციალის გამოვლენის სამუშაოები; ცენტრი მომავალშიც აქტიურად გამართავს თემატურ შეხვედრებს ვაზისა და ღვინის სფეროს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ვაზის იშვიათი ჯიშებისაგან დაყენებული ღვინოების პოპულარიზაციას და მათ საწარმოო მიმართულებაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს. ასევე აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარულ სფეროში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირებთან, ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევების შედეგების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების და დასკვნების ფერმერთა საჭიროებებზე ასახვის მიზნით.

მომავალ 2022 წელს სამეცნიერო თემატიკით მუშაობა გაგრძელდება: სანაშენე საქმიანობის, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემების, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების შემუშავების, სურსათის, ფიტოსანიტარული და ვეტერინალური რისკების შეფასებისა და აგროსაინჟინრო კვლევების მიმართულებით. გაძლიერდება საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ინტენსიური ჯიშების, ინოვაციური ტექნოლოგიების შემოტანას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კვლევების განხორციელებას, რაც აგროსამრეწველო სექტორისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საშუალებას წარმოადგენს.