facebook
youtube
mail

სიახლეები

14.04.2022

ოთარ შამუგია: „ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენება ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებას“

სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბებაზე, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის დონის ამაღლებასა და მოსავლიანობის გაზრდაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში ისაუბრა.

„სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანისთვის მაღალ დონეზე განვითარებისათვის განხორციელდება ხარისხიანი სათესლე და სარგავი მასალის გამოყენების ხელშეწყობის ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის სრულყოფილად ამოქმედების პარალელურად, დაიწყება მისი აღიარების პროცედურები საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში, რაც ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის დონის ამაღლებასთან ერთად, გახდება ექსპორტისა და ინვესტიციების მოზიდვის მექანიზმი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

2021 წელს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო ეკრანული სათბურები, სადაც დაიწყო ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების პერსპექტიული ჯიშების საბაზისო კატეგორიის სადედე მასალის მიღება, რომლითაც მომარაგდება სანერგე ფერმერული მეურნეობები.

„სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებელს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია, - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს. საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება.